ვინ ვართ ჩვენ
ჩვენი მისია:
"ინტერნიუსი-საქართველო" ადგილობრივი არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან მოღვაწეობს და რომლის მისიაა გააუმჯობესოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებისა და საზოგადოებისათვის სასარგებლო, ღია საკომუნიკაციო პოლიტიკის სტიმულირების გზით. ”ინტერნიუსის” საინფორმაციო და საგანმანათლებლო ვიდეო-აუდიო პროგრამები, თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები და მის მიერ ახალი ტექნოლოგიების ინოვაციური გამოყენება ემსახურება ფართო აუდიტორიასა და მედიის პროფესიონალებს, რათა ისინი კიდევ უფრო გააქტიურდნენ პოლიტიკური და სოციალური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ხელი შეუწყონ პოზიტიურ ცვლილებებს.
საქმიანობები:
2009 წელს ”ინტერნიუსმა” მოიზიდა 584,000 აშშ დოლარი, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაციისთვის საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ამ თანხის დაახლოებით 12% წარმოადგენს კომერციული მეწარმეობით მიღებულ შემოსავალს, რომელსაც „ინტერნიუსი“ თავისი მისიის რეალიზაციას ახმარს. ამ მხრივაც „ინტერნიუსი“ საქართველოში სოციალური მეწარმეობის იშვიათ მაგალითს წარმოადგენს. 2009 წელს ”ინტერნიუსის” საქმიანობას ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, დემოკრატიის ნაციონალური ფონდი, აშშ საელჩო საქართველოში, ბრიტანული საბჭო, ბრიტანეთის საელჩო, ეუთოს მისია საქართველოში და ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ევრაზიის ფონდი, და ბრითიშ პეტროლიუმი.
"ინტერნიუსი-საქართველოს" საქმიანობები მოიცავს:
სერტიფიცირებული სასწავლო კურსები/ტრენინგები: დამოუკიდებელი მედია სექტორის გაძლიერების, სამაუწყებლო მედია პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების, ამ პროდუქციის წარმოება-გავრცელების სრულყოფის, მედია პროფესიონალიზმის და ჟურნალისტური ეთიკის ამაღლების მიზნით, ”ინტერნიუსის” სასწავლო პროგრამები მაქსიმალურად არის მორგებული ადგილობრივი მედია საშუალებებისა და მოქმედი პროფესიონალების საჭიროებებს, ხოლო მეთოდოლოგია საშუალებას აძლევს პროგრამის მონაწილეებს თეორიული ცოდნა შეაჯერონ პრაქტიკულ გამოცდილებასთან. „ინტერნიუსის“ ყველა სასწავლო კურსი ემსახურება თეორიული ცოდნის ამაღლებას, პრაქტიკული უნარების შეძენა/დახვეწას, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, პროფესიონალური დამოკიდებულებების გამომუშავებას. აღნიშნულ სასწავლო პროგრამები ადგილობრივი სერტიფიცირებული ტრენერების მიერ ხორციელდება. ”ინტერნიუსის” ტრენინგების თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს სატელევიზიო და რადიო რეპორტაჟის წარმოებას, თემატურ ჟურნალისტიკას, დოკუმენტური ფილმებისა და ტელე-დებატების წარმოებას, არჩევნების გაშუქებას, მედია მენეჯმენტს, სხვა.
ვიდეო, აუდიო, ბეჭდვითი და ონლაინ წარმოება: ”ინტერნიუსის“ ვიდეო, აუდიო, ბეჭდვითი და ონლაინ წარმოება ემსახურება საზოგადოების ინფორმირებასა და მის განათლებას ისეთ სფეროებში, რომლებიც უკიდურესად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის, მაგრამ, როგორც წესი, იგნორირებულია წამყვანი მედია საშუალებების მიერ. აღნიშნული სფეროები მოიცავს: ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ბავშვთა საკითხები და მათი ჩართულობა სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, არალეგალური მიგრაცია და ტრეფიკინგი, ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია, ეთნიკური კონფლიქტი და მისი დაძლევის გზები, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, გენდერული საკითხები და გენდერული თანასწორობა, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა და მრავალი სხვა. „ინტერნიუსის“ საზოგადოებრივი-საგანმანათლებლო კამპანიები მოიცავს როგორც საკუთარ წარმოებას, ასევე თანამშრომლობას საქართველოს სხვადასხვა მედია საშუალებასთან და მედია პროფესიონალებთან. „ინტერნიუსი“ აწარმოებს დოკუმენტურ ფილმებს, სოციალურ სარეკლამო რგოლებს, სატელევიზიო და რადიო პროგრამებს, ბროშურებსა და პოსტერებს, ვებ-საიტებს, ა.შ. ეს აქტივობა ხორციელდება იმ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით რომელთა საქმიანობაც აღნიშნულ სფეროებს მოიცავს.
ადვოკატირება: დამოუკიდებელი და პროფესიონალური მედიის განვითარების მიზნით, რომელიც შეძლებს „მოდარაჯე ძაღლის“ ფუნქციის შესრულებას, ”ინტერნიუსის” მხარდაჭერით ჩამოყალიბდა ”საქართველოს ტელე და რადიო მაუწყებელთა ასოციაცია” და ”საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია”, რათა მაუწყებლებს ერთიანი ძალისხმევით დაეცვათ ტელე-რადიო ინდუსტრიის ინტერესები. „ინტერნიუსის“ საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი ”საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის“ 27 წევრი ორგანიზაციის და სხვა ელექტრონული მედია საშუალებებთან უშუალო თანამშრომლობით ხორციელდება.
„ინტერნიუსის“ სამენოვანი (ქართული, რუსული და ინგლისური ენები) ვებ-გამოცემა www.media.ge 2006 წლიდან ფუნქციონირებს და ემსახურება 1300 ხელმომწერს და 700-900-მდე ყოველდღიურ უნიკალურ მომხმარებელს. ამ პროექტის მიზანია შექმნას ინფორმაციის გაცვლის მდგრადი და პროფესიონალური სისტემა, რომელიც აკავშირებს საქართველოს მედიის წარმომადგენლებს სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტიორებთან, და ამ ორ მხარეს კი - განვითარების დარგში მომუშავე საზოგადოებასთან მსოფლიოს მასშტაბით.
ჯილდოები:
2003 წელს ”ინტერნიუსის” სოციალურ-საგანმანათლებლო კამპანია კანონის უზენაესობის თემაზე, რომელიც შედგებოდა 12 სოციალური სატელევიზიო რგოლისგან, დაჯილდოვდა ”ოქროს ედით” (Gold Addy), როგორც წლის საუკეთესო სარეკლამო კამპანია.
2005 წელს ”ინტერნიუსი” გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების ეთიკის კოდექსის ვერცხლის ხუთი პრინციპის კავალერი. აღნიშნული ჯილდო ენიჭებათ იმ ორგანიზაციებს, რომელებიც ემსახურებიან სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, დანერგილი აქვთ ეფექტური მენეჯმენტი და გამოირჩევიან გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულობის მაღალი დონით.
2006 წლის მაისს, პირველ ეროვნულ ინტერნეტ-კონკურსზე, ”ინტერნიუსის” მედია პორტალმა www.media.ge დაიკავა მესამე ადგილი და დაჯილდოვდა ”ბრინჯაოს დიპლომით”, ნომინაციაში საქართველოს საუკეთესო ვებ-პროექტი ყველა საჯარო, არასამთავრობო და რეგიონალურ ვებ-რესურსებს შორის. www.media.ge ასევე მოხვდა კონკურსის მონაწილე 10 საუკეთესო საინფორმაციო ვებ-გვერდს შორის, წარდგენილი 900 ვებ-პროექტიდან. პროექტის აღიარება მოხდა მაისის თვეში, ვებ-გვერდის გახსნიდან სამი თვის შემდეგ.
2008 წლის დეკემბერს მედია.ჯი-ს გადაეცა პირველი დიპლომი ნომინაციაში ინფორმაციის თავისუფლების საკითხების გაშუქება ნაციონალურ კონკურსში „აღიარე შენი უფლება“, რომელსაც ორგანიზება გაუწია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ეუთოს მისიამ საქართველოში.
წევრობა:
„ინტერნიუსი-საქართველო“ არის საერთაშორისო ორგანიზაციების „ინტერნიუს ინტერნეშენალის“ (Internews International) და „მედიის განვითარების საერთაშორისო ფორუმის“ წევრი (Global Forum for Media Development).