პროექტები
"ინტერნიუსი-საქართველოს" მიმდინარე პროექტებია:
პროექტი „ჩვენი ექსპრესი“ - ახალგაზრდული ყოველკვირეული ტელეგადაცემაა (20-25 წუთი), რომელიც 2005 წლიდან მზადდება 15-21 წლამდე ახალგაზრდების მიერ. "ინტერნიუსი" პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს აძლევს ჟურნალისტურ ცოდნას და უნარებს, უყალიბებს სწორ დამოკიდებულებებს და კოორდინაციას უწევს წარმოებას. “ჩვენი ექსპრესი“ საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს ისაუბრონ იმ საკითხების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ პირადად მათი, მეგობრებისა თუ თანატოლების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. „ჩვენი ექსპრესი“ ახალგაზრდების მიერ ახალგაზრდებისთვის შექმნილი ვიდეო კონტენტია. აღნიშნული პროექტი ჯერ საზოგადოებრივ ტელევიზიაზე, შემდეგ კი ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გადიოდა. 2010 წლიუს 26 მარტიდან "ჩვენი ექსპრესი" გადაიცემა "მზეზე". პროგრამის ნახვა ასევე შესაძლებელია შემდეგ ვებ-მისამართზე http://blog.teentv.ge; გადაცემას ასევე აქვს საკუთარი გვერდი youtube-ზე http://www.youtube.com/user/internewsgeorgia.
პროექტი Media.ge - სამენოვანი (ქართული, ინგლისური, რუსული) საინფორმაციო ინტერნეტ-რესურსია ქართული მედია-საშუალებების შესახებ. ჰყავს 2 ათასამდე ხელმომწერი (ყოველდღიური ბიულეტენი), 700-900 ყოველდღიური უნიკალური მომხმარებელი და მუშაობს 2005 წლიდან. პროექტს აფინანსებენ ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ და ნაციონალური ფონდი დემოკრატიისათვის.
ინიციატივა საქართველოში ელექტრონული მედიის განვითარებისათვის სასწავლო საქმიანობების გაძლიერების გზით - მიზნად ისახავს საქართველოს სამაუწყებლო ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას ისეთი პროფესიონალური სასწავლო პროგრამის შემუშავებისა და დანერგვის გზით, რომელიც თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებებსა და პრიორიტეტებს პასუხობს.
პროექტის ვადა: 2007 წლის 1 ივლისი - 2010 წლის 30 ივნისი
პროექტი ხორციელდება რადიო ნიდერლანდების ტრენინგ-ცენტრთან (RNTC) და მედიის განვითარების ცენტრთან (MDC, ბულგარეთი) ერთად ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით MATRA-ს პროგრამის ფარგლებში.
პროექტი „მედია აქტივობები: ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) რეგიონის ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ევროკავშირის საქმიანობის წარმოჩენა“ ევროკავშირის მიერ 2009 წლის იანვრიდან ფინანსდება. პროექტის ქართული ნაწილის მიზანია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ამჟამად არსებული ურთიერთობების და თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია; ევროკავშირის საქმიანობის შესახებ საზოგადოებაში თავისუფალი და ობიექტური აზრის ჩამოყალიბება. პროექტის ფარგლებში „ინტერნიუსი-საქართველომ“ 17 თვის განმავლობაში 10 ოცწუთიანი დოკუმენტური ფილმი უნდა დაამზადოს, რომლებიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გავა. ამავე პროექტის ფარგლებში „ჩვენი ექსპრესის“ 2 ჟურნალისტი სტაჟირებაზე საფრანგეთში გაემგზავრებიან, სადაც გარკვეული რაოდენობის სიუჟეტებს გადაიღებენ „რუსთავი2“-ის ეთერში საჩვენებლად. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე დამზადდება 16 ოთხგვერდიანი ჩანართი, რომლებსაც გაზეთი „24 საათი“ გაავრცელებს, და 64 ორმოცდახუთწუთიანი თოქშოუ, რომელიც რადიო „მწვანე ტალღის“ ეთერით გავა.
„ინტერნიუსი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2009 წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს "გავეცნოთ ევროკავშირს". პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს 6 ქალაქის (გორი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი, ახალციხე) უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის საინფორმაციო სემინარების ჩატარებას. სემინარები მოიცავენ შემდეგ საკითხებს: ევროპული ინტეგრაცია, ევროკავშირის გაფართოება, ინსტიტუტები და პოლიტიკა; ევროკავშირსა და საქართველოს შორის ამჟამად არსებული პოლიტიკური ურთიერთობები და თანამშრომლობა.