“ჩვენი ექსპრესი“ 26 მარტიდან „მზეზე“

„ინტერნიუსი - საქართველოს" ახალგაზრდული პროგრამა "ჩვენი ექსპრესი" ეთერში ბრუნდება, ამჯერად, ის ტელეკომპანია „მზეზე" 26 მარტიდან გავა (ყოველ პარასკევს 19:30 საათზე).
"ჩვენი ექსპრესი" 2009 წლის იანვრაში ეთერის გარეშე დარჩა, თუმცა სიუჟეტებს საკუთარ ბლოგზე (http://blog.teentv.ge) აქვეყნებდა.
„2008 წლის ოქტომბერში კონფლიქტი მოგვივიდა ტელეკომპანია „იმედთან", რომლის ეთერში ჩვენი პროგრამა გადიოდა", განაცხადა ირაკლი ბერულავამ, "ჩვენი ექსპრესის" პროდიუსერმა და „ინტერნიუსი - საქართველოს" წარმოების მენეჯერმა, "არც კი მინდა მაშინდელი ინციდენტის კომენტირება...უბრალოდ, იმედში გვითხრეს, რომ არ შეეძლოთ ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული „ჰელოუინის" დარბევის ამსახველი სიუჟეტის ეთერში გაშვება, რადგან ეს მართლმადიდებლების რისხვას გამოიწვევდა. რა თქმა უნდა, ასაეთ ტელეკომპანიასთან ურთიერთობის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა."
"ჩვენი ექსპრესის" არაფორმალურ, ალტერნატიულ სიუჟეტებს, რომელიც საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემებს ეხება, ძირითადად, უფროსკლასელები და სტუდენტები ამზადებენ.
„მათ მიერ მომზადებული ფილმები სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე ყოფილა, ბევრჯერ გაგვიმარჯვია. პირადად მე, ძალიან მინდა, რომ „ჩვენი ექსპრესი", სამომავლოდ, იმ ადამიანების პლატფორმად იქცეს, რომლებიც არაფორმალურად და ორიგინალურად აზროვნებენ", განაცხადა ბერულავამ. მისი თქმით, ახალგაზრდებს ასწავლიან ვიდეოგადაღებებს და მონტაჟს სხვადასხვა სემინარებზე, მათ შორის, საერთაშორისო სემინარებზე.
„პერსპექტივაში, გვინდა, რომ შევქმნათ ახალგაზრდული პროგრამების მთელი პაკეტი, რაც საინტერესო და ორიგინალურ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს დღევანდელი ტელევიზიის ერთფეროვნება დაარღვიონ", თქვა ბერულავამ.
ყოველკვირეული პროგრამა „ჩვენი ექსპრესი" (ქრონომეტრაჟი 20-25 წუთი), წარმოადგენს სიუჟეტების, ფილმების, იმპროვიზებული ტოქშოუების და ალტერნატიული ახალგაზრდული როკ-ჯგუფების მუსიკაზე შექმნილი კლიპების ნაკრებს. 15-დან 20 წლამდე ასაკის ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელსაც სწავლის და შემოქმედებითი განვითარების სურვილი გააჩნია, შეუძლია პროგრამას (http://blog.teentv.ge/) თავისი იდეები და ინიციატივები შესთავაზოს და მათ განხორციელებაში თავადაც ჩაერთოს.