ენები

ახალციხელი სტუდენტებისათვის საინფორმაციო სემინარი "გავეცნოთ ევროკავშირს" ჩატარდა


4-5 ივნისს  ახალციხეში, სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის  საინფორმაციო სემინარი "გავეცნოთ ევროკავშირს" ჩატარდა. მის მუშაობაში სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 35 სტუდენტი მონაწილეობდა. სემინარს  უნივერსიტეტის რამდენიმე თანამშრომელიც ესწრებოდა.  

სემინარი   ევროკავშირის, როგორც მსოფლიო პოლიტიკის მონაწილის როლის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ამჟამად არსებული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ მსჯელობას დაეთმო.  

პროექტის მიზანი ევროკავშირის სტრუქტურებში და მისი მუშაობის სპეციფიკაში ქარათველი ახალგაზრდების ცოდნის გამოვლენა და მათთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაა.

სემინარს უძღვებოდნენ  ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძე, ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) დირექტორი კახა გოგოლაშვილი და ტემპუსის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პირველი მრჩეველი, პოლიტიკური, ეკონომიკური და პრესის განყოფილების უფროსი რობინ ლიდელი სტუდენტებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ ესაუბრა. 

სემინარის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ევროპული ინტეგრაციის ისტორიისა და ევროკავშირის გაფართოების ეტაპების შესახებ; ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე; ევროკავშირის და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე; ასევე ევროკავშირის როლზე საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საქმეში. განასკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის გაცვლით სასწავლო პროგრამებსა და სტიპენდიების მიღების პროცედურებს.

თითოეული საკითხის განხილვის შემდეგ დისკუსიები იმართებოდა.

სემინარის მსვლელობის დროს სტუდენტებმა დოკუნემტური ფილმები: "ევროკავშირი მსოფლიოში", "ლიტვა- ევროკავშირის ახალი წევრი-სახელმწიფო" და "ბოლონია" - ნახეს.

სემინარის დასასრულს  მონაწილეებმა ევროკავშირის და  ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ მომზადებული თემები წარმოადგინეს. მათგან 12 საუკეთესო გამოარჩიეს, რომელთა ავტორებს  სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 

სემინარის ყველა მონაწილემ სერტიფიკატები მიიღო.