კონკურსის გამარჯვებულები-„Coda Story“ და მულტიმედიური ჟურნალისტების ჯგუფი

ჟურნალისტურმა ორგანიზაციამ “Coda Story” და მულტიმედიური ჟურნალისტების  ჯგუფმა გაიმარჯვეს კონკურსში, რომლის მიზანია ქართველი, მოლდოველი და უკრაინელი ჟურნალისტების ერთობლივი მულტიმედიური პროექტების მხარდაჭერა.

თითოეული მიიღებს 6000 აშშ დოლარს რათა შექმნან მულტიმედია მასალები რეგიონისთვის მნიშვნელოვან თემებზე. მონაწილე ჟურნალისტები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან განათავსებენ მასალებს სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე სახელწოდებით „Neighbours“ (სამეზობლო).

Coda Story (https://codastory.com /), რომელიც არის ერთიანი კრიზისის გაშუქების პლათფორმა, გამოიკვლევს შეთქმულების თეორიებს და ყალბ ამბებს საქართველოში, პროპაგანდის ეფექტს უკრაინის ომის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობაზე, და რუსული პროპაგანდის ზეგავლენას მოლდოვის არჩევნებზე.

ჟურნალისტთა ჯგუფი (თამთა თვალავაძე, გიორგი ფარქოსაძე, ნინო ვარძელაშვილი) მომაზადებს მულტიმედია პაკეტს ქალაქების და ურბანული განვითარების პრობლემებზე საქართველოში, უკრაინაში და მოლდოვაში. მასალების თემა იქნება ტრანსპორტი, როგორც მთავარი გამოწვევა განვითარებადი ქალაქებისთვის, და ინოვაციური, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტირების საშუალებები სამივე ქვეყანაში.

გრანტის გაცემა მოხდება რეგიონული პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას და მედია წიგნიერების ხელშეწყობას საქართველოში, მოდლოვასა და უკრაინაში. პროექტის პარტნიორები არიან: ინტერნიუსი-საქართველო (საქართველო), ინტერნიუს უკრაინა (უკრაინა), დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ცენტრი (მოლდოვა) და ინტერნიუსი (აშშ).