ენები

სემინარი თელავის საჯარო სკოლების მასწავლებლებისათვის


საინფორმაციო სემინარი "გავეცნოთ ევროკავშირს" 2010 წლის 22-23  ოქტომბერს თელავის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის გაიმართა . სემინარი ევროპული ინტეგრაციის, გლობალურ პოლიტიკაში ევროპის კავშირის როლსა და საქართველოთან თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო.

სემინარს ქალაქ თელავის ცხრა საჯარო სკოლის სხვადასხვა საგნის (ძირითადად ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების) 35-მდე პედაგოგი დაესწრო.

სემინარს უძღვებოდნენ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი, ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძე და ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე ხუან ეჩანოვე სემინარის მონაწილეებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკასა და ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების შესახებ ესაუბრა.

სემინარის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ევროკავშირის შექმნის, გაფართოების ეტაპების და ინსტიტუტების შესახებ; ევროკავშირის  საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, ეკონომიკური ინტეგრაციის მოდელებზე. სემინარზე აგრეთვე საუბარი იყო საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე; ევროკავშირის როლზე საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საქმეში. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის საგანმანათლებლო პოლიტიკას.

თითოეული საკითხის განხილვის შემდეგ დისკუსიები იმართებოდა.

სემინარის მსვლელობის დროს ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმები: "ევროკავშირი მსოფლიოში", "ლიტვა - ევროკავშირის ახალი წევრი სახელმწიფო" და "მწვანე მარშრუტი".

სემინარის დასასრულს მის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.