ენები

"გავეცნოთ ევროკავშირს" - სემინარი ქუთაისის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის


„ინტერნიუსი-საქართველოს“ ორგანიზებით,  2-3  დეკემბერს,    ქუთაისის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის  საინფორმაციო სემინარი "გავეცნოთ ევროკავშირს"  ჩატარდა.  სემინარი ევროპული ინტეგრაციის, გლობალურ პოლიტიკაში ევროპის კავშირის როლსა და საქართველოთან თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო.

სემინარს  ქუთაისის სხვადასხვა  საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების, ისტორიის და გეოგრაფიის 34  პედაგოგი დაესწრო.

სემინარს უძღვებოდნენ  ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძე, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი   კახა გოგოლაშვილი  და ტემპუსის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი.

სემინარის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ევროპული ინტეგრაციის ისტორიისა და

ევროკავშირის გაფართოების ეტაპების შესახებ; ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე; ევროკავშირის და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე; ასევე ევროკავშირის როლზე საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საქმეში. სემინარზე ასევე ყურადღება გამახვილდა  ევროპის საგანმანათლებლო პოლიტიკაზე.

თითოეული საკითხის განხილვის შემდეგ დისკუსიები იმართებოდა.

სემინარის მსვლელობის დროს ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმები: "ევროკავშირი მსოფლიოში", "გზა ევროპისკენ - ლიტვა“  და "მწვანე მარშრუტი".

სემინარის დასასრულს მის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.

საინფორმაციო სემინარების ჩატარება ასევე დაგეგმილია ახალციხის და ბათუმის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის.