ენები

ციფრული ტელევიზიის თემაზე ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული Media.Ge-ს ჟურნალისტი გახდა


კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

"ინტერნიუსი - საქართველომ" 16 თებერვალს კონკურსში თემაზე „ციფრული ტელევიზია საქართველოში“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსი ტრენინგის ფარგლებში „ციფრული ტელევიზია და კომერციული სატელევიზიო პლატფორმების გაშუქება“ გამოცხადდა, რომელიც  2011 წლის 2-3 დეკემბერს ჩატარდა.  

კონკურსში პირველი ადგილი Media.Ge-ს ჟურნალისტმა ნატა ძველიშვილმა დაიკავა. მისი საკონკურსო მასალა „რა იცვლება ტელემაყურებლებისთვის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით?“ ჟიურიმ საუკეთესოდ შეაფასა. მათი თქმით, სტატია სტრუქტურულად გამართულია და მკითხველს დეტალურ ინფორმაციას სთავაზობს საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესებისა და პრობლემების შესახებ. ნატა ძველიშვილს საჩუქრად -  ელექტრონული წიგნი „Kindle“ 3G გადაეცა.

მეორე ადგილი სულხან მესხიძეს მიაკუთვნეს. მას „აჭარა P.S”-ში გამოაქვეყნებული სტატიისთვის - 

კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

„ემუქრება თუ არა საქართველოს ტელევიზიის გარეშე დარჩენა?“ გარე USB მეხსიერება გადაეცა. ჟიურის განმარტებით, მესხიძის მასალა მოიცავს სხვადასხვა მხარეების მოსაზრებებს, რომლებიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში უშუალოდ მონაწილეობენ. სტატია მარტივი ენითაა დაწერილი და მომხმარებელთა ინტერესებს ითვალისწინებს.  

მესამე ადგილი გიორგი ბერიძეს ხვდა წილად. მან პალიტრა TV-სთვის მოამზადა რეპორტაჟი „სიახლე ტელევიზიებისთვის - რას გულისხმობს ციფრული მაუწყებლობა“. გიორგი ბერიძეს საჩუქრად პრაქტიკულ ჟურნალისტიკაზე წიგნები გადაეცა.

ჟიურის განმარტებით, ბერიძის მასალა ფართოდ აშუქებს საქართველოში არსებულ პრობლემატიკას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ციფრულ ტელე სერვისზე, ასევე არსებულ და ახალ ტექნოლოგიებზე ტელე ინდუსტრიაში.

კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

ჟიურის წევრები იყვნენ ბეჭდვითი მედიის მრჩეველი და მედია ექსპერტი დავით მიქაუტაძე, დამოუკიდებელი ექსპერტი და მედია ტრენერი ივან პოლტავეცი, ასევე „ინტერნიუსი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი გენადი უჩუმბეგაშვილი. საუკეთესო ნამუშევრები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა: საკონკურსო თემის სათანადო ასახვა, მასალის სტრუქტურა, მოკლე და მკაფიო ენა, აზრთა ბალანსი, წყაროების მრავალფეროვნება, არგუმენტების სიცხადე, ჟურნალისტური უნარები, მედიაში არსებული გაშუქების სპეციფიური მეთოდების გამოყენების უნარი.