რეგიონული მედია ახალი მედიის კვალდაკვალ
14, 15 და 16 სექტემბერს ფონდში "ინტერნიუსი" ჩატარდა სემინარები სამოქალაქო ჟურნალისტიკაში რეგიონული სიახლეების პორტალის - REGIONS.GE-ს პარტნიორი გაზეთების ჟურნალისტებისათვის. პროექტი ”რეგიონული მედია ახალი მედიის კვალდაკვალ” "ფაბლისითი ჯგუფის" ინიციატივითა და ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
სემინარების მიზანი ჟურნალისტებისათვის ფოტო და ვიდეო რეპორტაჟების მომზადებაში საჭირო უნარების, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გადაცემა იყო, გარდა ამისა, ყველა რედაქციას გადაეცა საჩუქრად ფოტო-ვიდეო გადამღები, რაც მომავალში REGIONS.GE-ს საინტერესო ფოტო და ვიდეორეპორტაჟებით დატვირთვას შეუწყობს ხელს. სემინარებს რეგიონული ბეჭდური მედიის 16 წარმოადგენელი დაესწრო, წარმოდგენილი იყო აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი.
პირველი დღე ფოტოჟურნალისტიკას დაეთმო, სემინარს GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის პროგრამის კოორდინატორი - ლელი ბლაგონრავოვა უძღვებოდა. მეორე და მესამე დღეს მონაწილეებმა ვიდეო რეპორტაჟების მომზადების ძირითადი უნარ-ჩვევები შეიძინეს, რის შემდგომაც თავად გადაიღეს და დაამონტაჟეს მოკლე რეპორტაჟები სხვადასხვა პრობლემატურ თემებზე. აღნიშნულ სემინარს ფონდის "ინტერნიუსი" ექსპერტი, პროდიუსერი ირაკლი ბერულავა ხელმძღვანელობდა. ორივე სემინარის შემთხვევაში სპეციალისტებმა თემები ახალი მედიის პერსპექტივით წარმოაჩინეს და ყურადღება გაამახვილეს ვებ ტექნოლოგიების გავლენაზე ფოტოსა და ვიდეო ჟურნალისტიკაში.
სემინარის ორგანიზებამდე REGIONS.GE-ს ხელმძღვანელობამ პარტნიორ გაზეთებს შორის ჩაატარა გამოკითხვა, თუ რატომ იყო მათთვის საინტერესო და საჭირო ამგვარ სემინარში მონაწილეობა, რედაქტორებმა უპასუხეს, რომ ფოტო და ვიდეო რეპორტაჟების მომზადებაში საჭირო უნარების შეძენა და ფოტო ტექნიკის გადაცემა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს REGIONS.GE-ს ფოტოსა და ვიდეო სექციების გამდიდრებას და გაუმჯობესებას. გამოკითხვა სემინარების შემდეგაც ჩატარდა, ჟურნალიტების აზრით, სემინარები სასარგებლო იყო, ორივე სფერო მათთვის ახალი კუთხით იყო წარმოჩენილი, რაც დადებით გავლენას მოახდენს როგორც მათი გაზეთების საქმიანობაზე, ისე საერთო პროექტის REGIONS.GE-ს განვითარებაზე.