ინტერნიუსმა ჩაატარა თელავში სემინარი „გავეცნოთ ევროკავშირს“
სემინარი - "გავეცნოთ ევროკავშირს" გაიმართა 30-31 ოქტომბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
ის გლობალურ პოლიტიკაში ევროკავშირის როლის და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობას დაეთმო.
სემინარში სხვადასხვა ფაკულტეტის 34 სტუდენტი მონაწილეობდა. ღონისძიება ჩატარდა ფონდი "ინტერნიუსის" პროექტის „გავეცნოთ ევროკავშირს" ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. პროექტის მიზანი ევროკავშირის სტრუქტურებში და მისი მუშაობის სპეციფიკაში ქარათველი ახალგაზრდების ცოდნის გამოვლენა და მათთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაა. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ექვსი სხვადასხვა უნივერსიტეტის (გორი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი, ახალციხე) სტუდენტებისა და ლექტორებისათვის სემინარების მოწყობას. გორში, ქუთაისსა და ბათუმში სემინარები უკვე ჩატარდა.
თელავში გამართულ სემინარზე მომხსენებლები იყვნენ ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძე და ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) დირექტორი კახა გოგოლაშვილი. საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის პირველი მრჩეველი, პოლიტიკური, ეკონომიკური და პრესის განყოფილების უფროსი რობინ ლიდელი და თელავის უნივერსიტეტის პროფესორი თინა ზურაბიშვილი.
სემინარის მსვლელობის დროს სტუდენტებს ევროკავშირის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტური ფილმების ნახვის შესაძლებლობა მიეცათ. გაიმართა დისკუსიებიც. სემინარის დასასრულს სტუდენტებმა მოამზადეს თემა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს, 13 სტუდენტს, გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები. სემინარის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.